ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქარი
2024-01-29ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქარი ხერხემლის პათოლოგიებს შორის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც დამახასიათებელია საშუალო ასაკისთვის, ამასთანავე, იგი მამაკაცებში უფრო ხშირად ვლინდება, ვიდრე ქალებში. უმეტესწილად, მალთაშუა დისკის თიაქარი ხერხემლის წელის სეგმენტს მოიცავს, უფრო იშვიათად კი, კისრის და გულ-მკერდის სეგმენტებს. დაავადების განვითარების ძირითად მიზეზად ხერხემლის ძლიერი ფიზიკური დატვირთვა და ტრავმები სახელდება. განვითარების რისკს ზრდის უმოძრაო ცხოვრების წესი, რის გამოც ზურგის კუნთები სუსტდება, დატვირთვა კი მალთაშუა დისკებზე ძლიერდება.
მალთაშუა დისკი წარმოადგენს ხერხემლის მალების შესახსრებებში არსებულ ხრტილოვან-ჟელესებურ სტრუქტურას, რომლის დახმარებითაც ხერხემალი იძენს მოქნილობის და დრეკადობის ფუნქციებს. მალთაშუა დისკის ხრტილოვან-ჟელესებური სტრუქტურის დახმარებით, მცირდება ხერხემლის მალებზე წარმოქმნილი დატვირთვა. როდესაც ჟელესებური მასა (პულპოზური ბირთვი) ძალის ზემოქმედების შედეგად გასცდება თავისივე საზღვრებს (ფიბროზულ რგოლს, რითაც არის გარშემორტყმული), ვითარდება მალთაშუა დისკის თიაქარი. თავისთავად აღნიშნული უარყოფითად აისახება ადამიანის ორგანიზმზე, რადგან სწორედ ხერხემალია ის ორგანო, რომელთან სიახლოვესაც მდებარეობს ზურგის ტვინი და ნერვული ქსოვილის დიდი ნაწილი.
ასაკის მატებასთან ერთად, მალთაშუა დისკის ქსოვილი განიცდის დეგენერაციულ პროცესებს, სწორედ ამიტომ, ხანდაზმულ ადამიანებში მცირე ფიზიკურმა დატვირთვამ, ან უხერხულმა მოძრაობამაც კი, შეიძლება გამოიწვიოს მალთაშუა დისკის თიაქარის განვითარება. ასაკის გარდა, საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჭარბი წონაც, რადგან ასეთ დროს, ხერხემლის მალებზე დატვირთვა იზრდება, რაც მალთაშუა დისკისთვის დამატებით სტრესს წარმოადგენს. საკმაოდ მნიშვნელოვანია შრომის წესების დაცვა, რადგან სისტემურად სიმძიმის აწევამ, მძიმე მასასთან ერთად შემობრუნებამ და გადაადგილებამ, შესაძლოა გამოიწვიოს მალთაშუა დისკის თიაქარი. მის განვითარებაზე ასევე ზემოქმედებს რევმატიული დაავადებები, ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი, გენეტიკური თვითგანწყობა და მემკვიდრეობითი ფაქტორები.
ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქარის ძირითადი სიმპტომია ადგილობრივი (უშუალოდ ხერხემლის, წელის მიდამოში არსებული) და გადაცემითი ტკივილი, ქვედა ან ზედა კიდურებში. აღინიშნება თავბრუსხვევა (კისრის მალთაშუა თიაქარის შემთხვევაში), კიდურებში დაბუჟების შეგრძნება. ტკივილი, ზურგის ტვინის ნერვულ ფესვებზე თიაქარის დაწოლის შედეგია. შესაძლოა გამოიხატოს შარდის შეკავების ან უნებლიე შარდვის მომენტები. რთულ შემთხვევებში დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს ზურგის ტვინის და მასთან არსებული ნერვული ფესვების დაზიანება, რასაც თან მოჰყვება ნაწილობრივი ან სრული მოძრაობის შეზღუდვა, მგრძნობელობის დარღვევები ან სრული მოშლა.
მალთაშუა დისკის თიაქარის დიაგნოსტირების საუკეთესო საშუალებას მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია წარმოადგენს, რომლის დახმარებითაც ძვლოვანი სტრუქტურების, მალთაშუა დისკების, ზურგის ტვინის და ნერვული ფესვების სრული ვიზუალური სურათი მიიღება. მკურნალობა მოიცავს, როგორც კონსერვატიულ, ასევე ქირურგიულ ჩარევას. გამოიყენება მედიკამენტური მკურნალობის მეთოდი, ფიზიოთერაპია, სპეციალური ვარჯიშები, ნერვის ფესვის ბლოკადა. მალთაშუა თიაქარის ადრეულ სატადიაზე ჩატარებული ქირურგიული მკურნალობა ამცირებს პაციენტის რეაბილიტაციის პერიოდს და ბევრად შედეგიანია, ვიდრე ხანგრძლივი კონსერვატიული მკურნალობა.