თვითმკვლელობა და სუიციდური აზრები
2024-08-19ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2024 წლის მდგომარეობით, ყოველწლიურად 700 000 ადამიანზე მეტი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, ამასთანავე 15-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში, სიკვდილიანობის მიზეზთა შორის სუიციდი რიგით მეოთხე ადგილზეა, ხოლო შემთხვევათა 77% ფიქსირდება დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში.
თვითმკვლელობათა უმრავლესობა განხორციელებულია ცეცხლსასროლი იარაღით, თავის ჩამოხრჩობით, ან ჯანმრთელობისთვის საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით, ხოლო უშუალოდ ფაქტი განპირობებულია ადამიანის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით. ეს საკმაოდ ტრაგიკული და გარკვეულწილად აუხსნელი ქმედება ფიქსირდება ჩვენი პლანეტის ყველა რეგიონში და წარმოადგენს საკმაოდ მნიშვნელოვან პრობლემას, როგორც ჯანდაცვის სფეროში, ასევე წმინდა ადამიანური თვალსაზრისით.
თვითმკვლელობათა დიდი ნაწილი ჩადენილია იმპულსურად, მძიმე ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, აგრეთვე ნარკოტიკული ან ალკოჰოლური ზემოქმედების შედეგად გამოწვეული დეპრესიის ფონზე. ასეთ დროს ადამიანმა შესაძლოა დაკარგოს კრიზისულ სიტუაციაში თვითკონტროლის უნარი და ვერ შეძლოს ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავება. მსგავს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ესაჭიროება თანადგომა და თანაგრძნობა, ახსნა იმისა, რომ ნებისმიერი კრიზისი დაძლევადია, ხოლო სიცოცხლე შეუფასებელი ღირებულება, რომელიც მძიმე ფიზიკურ, მატერიალურ, თუ ფსიქიკურ მდგომარეობას მსხვერპლად არ უნდა შეეწიროს.
სუიციდის გარკვეული შემთხვევები ასევე ფიქსირდება კონფლიქტების, ძალადობის, დისკრიმინაციის, სტიქიური უბედურებების დროს, ასევე ოჯახის წევრის ან ახლობელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული მძიმე სულიერი ტკივილის ფონზე. არსებობს რისკ-ჯგუფები, სადაც სუიციდის შემთხვევები იმატებს. აღნიშნულ ჯგუფს მიეკუთვნებიან: მიგრანტები, დევნილები, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები, მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, რომლებიც მიდრეკილნი არიან ღრმა დეპრესიისკენ. რისკ-ფაქტორი განსაკუთრებით მომატებულია იმ ადამიანებში, რომელთაც ერთხელ უკვე ჰქონდათ სუიციდის მცდელობა.
სუიციდური აზრები
ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ აზრები სუიციდის შესახებ და მიდრეკილება თვითმკვლელობისაკენ მიუთითებს მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაზე, რომელიც დაუყოვნებლივ საჭიროებს ყურადღებას და დროული დახმარების აღმოჩენას.
თვითმკვლელობაზე ფიქრი იწყება ისეთ მძიმე გარემოებებში, როგორიცაა:
- ხანგრძლივ და ღრმა დეპრესიაში ყოფნა;
- მარადიული ამაოების და კრიზისული მდგომარეობიდან გამოუვალობის შეგრძნება;
- ხშირად ფიქრი სიკვდილზე, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა;
- სტიგმა, დისკრიმინაცია, ძალადობა, ექსტრემიზმი;
- საკუთარი სექსუალური ორიენტაციის მიუღებლობა, სოციალური იზოლაცია, ემოციური გაუწონასწორებლობა, ხასიათის სწრაფი ცვალებადობა და სხვა;
- გარკვეული ტიპის ფსიქიკური დარღვევები, პიროვნების გაორება, შიზოფრენია, ნერვული აშლილობები, აპათია;
- დანაშაულის გრძნობა, რელიგიური ფანატიზმი, მარტოობის განცდა;
თვითმკვლელობის თავიდან აცილება
- თვითმკვლელობის თავიდან აცილება შესაძლებელია. უპირველესად ადამიანმა უნდა შეძლოს და გააანალიზოს, რომ თვითმკვლელობით კრიზისული მდგომარეობები არ გვარდება, ამასთანავე ის, რაც დღეს დაუძლეველ პრობლემად ეჩვენება, ხვალ შესაძლოა სახალისო ცხოვრებისეულ გამოცდილებად მიიღოს. პიროვნებამ უნდა იგრძნოს, რომ სიცოცხლე შეუფასებელი ღირებულებაა;
- იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აქვს მძიმე ფსიქიკური პრობლემები, ან ერთხელ მაინც სცადა თვითმკვლელობა, აუცილებელია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმის დახმარება, მეგობრების და ახლობელი ადამიანების თანადგომა;
- დაუშვებელია პიროვნების დისკრიმინაცია (ეთნიკური, გენდერული, ფიზიკური ან სხვა ნებისმიერი ნიშნით), სტიგმა, ძალადობა და ჩაგვრა. აღნიშნულმა შესაძლოა იმდენად იმოქმედოს ადამიანის ფსიქიკაზე (განსაკუთრებით მოზარდებზე), რომ უბიძგოს მას თვითმკვლელობისკენ;
- სუიციდისკენ მიდრეკილ პიროვნებებს, ასევე მათ, ვინც უკვე სცადა სუიციდი, რეკომენდებულია შეეზღუდოთ თვითმკვლელობის საშუალებებზე წვდომა (ცეცხლსასროლი იარაღი, ზოგიერთი ტიპის მედიკამენტები, საშიში ქიმიური ნაერთები და სხვა);
- სუიციდური მიდრეკილებების დროული გამოვლენა მოზარდებში, ასევე ბავშვებში სოციალური და ემეციური უნარების დროული და სწორი განვითარება, განათლება და სპორტული აქტივობები საკმაოდ მნიშვნელოვანია;
- აუცილებელია დეპრესიული აშლილობის, ფსიქიკური და ფსიქოლოგიური პრობლემების დროული მოგვარება დამოუკიდებლად ან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმის დახმარებით. მნიშვნელოვანი მაგრამ ჯერ კიდევ მოუგვარებელი საკითხები უნდა გადაიჭრას რაციონალურად, რადგან ამ ტიპის პრობლემებმა შესაძლოა ნებისმიერ დროს „იფეთქონ“, რამაც შესაძლოა ადამიანი მძიმე დეპრესიამდე მიიყვანოს;
ევთანაზია, როგორც თვითმკვლელობის ფორმა
ევთანაზია, როგორც სიცოცხლის დასრულების ნებაყოფლობითი ფორმა, როდესაც პაციენტი ექიმს სთხოვს, დაეხმაროს მას და შეუმსუბუქოს მძიმე ფიზიკური თუ სულიერი მდგომარეობა, (რადგან იტანჯება განუკურნებელი სენით), კვლავინდებურად რჩება საკამათო საკითხად. ერთის მხრივ, აღნიშნული შესაძლოა ჩაითვალოს თვითმკვლელობად (ან მკვლელობად, თუ ის გაცხადებულია პაციენტის ოჯახის წევრების ან ახლობლების მიერ), ხოლო მეორეს მხრივ, გარკვეულ წრეებში ევთანაზია ჰუმანურ აქტად არის მიჩნეული.
სუიციდისგან განსხვავებით ევთანაზია რადიკალურად განსხვავებული მორალური შინაარსისაა. სუიციდის ფაქტი შესაძლოა განხორციელდეს ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანის მიერ, ხოლო ევთანაზია ხორციელდება ისეთ დროს, როდესაც ადამიანის გარდაცვალება საკმაოდ მცირე დროშია მოსალოდნელი, აქვს განუკურნებელი სენი და განიცდის მძიმე ფიზიკურ ტკივილს.
გარკვეულ ქვეყნებში ევთანაზია ითვლება მკვლელობად და ისჯება შესაბამისი სისხლის სამართლის მუხლით, ხოლო ზოგიერთ ქვეყნებში აღნიშნული ქმედება არ არის კანონსაწინააღმდეგო და უფრო მეტიც, ითვლება ჰუმანურ აქტად, რადგან ემსახურება უიმედო ავადმყოფისთვის ფიზიკური ტკივილის შემსუბუქებას და ე.წ. „სასიამოვნო სიკვდილის“ დადგომას.
საქართველოს კონსტიტუციით ადამიანის სიცოცხლის უფლება მისივე თავისუფლების ავტონომიაზე პრივილეგირებულია, შესაბამისად ევთანაზია ისჯება სისხლის სამართლით. იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება უარს აცხადებს მკურნალობაზე და ამით ხელს უწყობს საკუთარი სიცოცხლის შეწყვეტას, ექიმს ეძლევა უფლება შეწყვიტოს მკურნალობა პაციენტის ნების შესაბამისად, რაც ევთანაზიას არ გულისხმობს.
სიცოცხლე შეუფასებელი ღირებულებაა! მოვუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ, ასევე სხვების სიცოცხლეს, დავიცვათ გარემო, სადაც გვიწევს არსებობა!