მიტრალური სარქველის პროლაფსი
2024-01-15მიტრალური სარქველის პროლაფსის დროს, გულის მარცხენა წინაგულსა და მარცხენა პარკუჭს შორის არსებული მიტრალური სარქველი სრულყოფილად არ იხურება, შედეგად სისხლი უკან ბრუნდება, პარკუჭიდან წინაგულის მიმართულებით, (ხდება სისხლის რეგურგიტაცია). აღნიშნული მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის და არ საჭიროებს მკურნალობას, თუ პროლაფსი მნიშვნელოვანად არ არის გამოხატული. მიტრალური სარქველის პროლაფსის გამომწვევი მიზეზია შემაერთებელ-ქსოვილოვანი დაავადება. იმ შემთხვევაში, თუ პროლაფსის ხარისხი მაღალია, ინიშნება შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობის კურსი ან ხორციელდება ქირურგიული ჩარევა.
მიტრალური სარქველი სისხლს მარცხენა წინაგულიდან მარცხენა პარკუჭისკენ, მხოლოდ ერთი მიმართულებით ატარებს. როცა გული სწორად მუშაობს, მიტრალური სარქველი მთლიანად იხურება, რათა პარკუჭის შეკუმშვისას სისხლმა უკან, წინაგულის მიმართულებით არ იმოძრაოს და მოხდეს მისი სრულფასოვნად გადასროლა პარკუჭიდან აორტის მიმართულებით. მიტრალური სარქველის პროლაფსის დროს, გული ვერ უზრუნველყოფს სისხლის საჭირო რაოდენობით გატარებას მარცხენა პარკუჭიდან აორტის მიმართულებით, რადგან სარქველი ბოლომდე ვერ იხურება და სისხლი პარკუჭიდან წინაგულში ბრუნდება. ასეთ მდგომარეობაში პაციენტს შესაძლოა ჩივილები საერთოდ არ ჰქონდეს ან აღენიშნებოდეს პულსის გახშირება (ტაქიკარდია), არითმიული მომენტები (გულის ამოვარდნის შეგრძნება), გულის ფრიალი, დაღლილობა, თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება (უკმარისობა) ფიზიკური დატვირთვის დროს.
მიტრალური სარქველის პროლაფსი გამოვლინდება ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევის დროს ან კარდიოლოგის მიერ გულზე ფიზიკური გასინჯვისას, კერძოდ, დამახასიათებელი შუილის მოსმენისას. თუ მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა და სისხლის რეგურგიტაცია მკვეთრად მაღალია, ხდება გულის მიტრალური სარქველის ხელოვნური სარქველით ჩანაცვლება. პირველი ხარისხის მიტრალური სარქველის პროლაფსი არ საჭიროებს მკურნალობას და ფიზიკური აქტივობის შეზღუდვას. თუ პაციენტს აწუხებს პროლაფსის ფონზე გამოწვეული ტაქიკარდია, მაშინ კარდიოლოგმა შესაძლოა დაუნიშნოს ბეტა-ადრენობლოკატორები. მიტრალური სარქველის პროლაფსის დროს სასარგებლოა ნორმალური ფიზიკური დატვირთვის მიღება, კერძოდ, ცურვა, სუფთა ჰაერზე სპორტული სიარული, ველოსიპედით სეირნობა.