მუნი (ბღერი)
2023-12-08მუნი (იგივე ბღერი) არის აკაროდერმატიტის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც იწვევს ტკიპა Sarcoptes scabiei. ინფიცირება ხდება როგორც პირდაპირი (ინფიცირებულთან კანის მჭიდრო შეხების დროს), ასევე არაპირდაპირი გზით (ინფიცირებულის მიერ გამოყენებულ საყოფაცხოვრებო ან პირად ნივთებთან ხანგრძლივი კონტაქტისას). დაავადებას ახასიათებს კანზე მცირე ზომის მოწითალო კვანძები და ნაკაწრები, ძლიერი ქავილი, რომელიც განსაკუთრებით იმატებს ღამის პერიოდში და სითბოში. აღსანიშნავია, რომ გამონაყარი შეინიშნება სხეულის მთელს მიდამოში (მეტწილად თბილ და ნაზ უბნებში, თითების ჩაღრმავებებს შორის ან სასქესო ორგანოს ირგვლივ) სახის და თავის კანის გარდა.
მუნის დიაგნოსტირება და მკურნალობა
მუნის ინკუბაციის პერიოდი გრძელდება 1 ან 2 კვირა. ამ პერიოდში ქავილი და გამონაყარი ნაკლებად შეიმჩნევა, თუმცა ადამიანი ინფექციის გამავრცელებელია. გამონაყარი და ქავილი პირველი კლინიკური სურათია, რომელსაც იწვევს კანის შრეში განაყოფიერებული მდედრობითი სქესის ტკიპა. ის გადაადგილდება და დებს კვერცხებს, რომლიდანაც ახალი ტკიპები აღმოცენდებიან, გარკვეული ციკლის გავლის შემდგომ. დიაგნოსტირება ხდება კანის ვიზუალური დათვალიერების და მისი ანაფხეკის გამოკვლევის შემდეგ.
მკურნალობის კურსს ნიშნავს ექიმი-დერმატოლოგი. მუნის სამკურნალოდ გამოიყენება გოგირდის მალამო და სხვადასხვა ანტიპარაზიტული სპრეები. მკურნალობის კურისის დასრულების შემდგომ, აუცილებელია ხელახალი კონსულტაცია დერმატოლოგთან, რადგან დაავადებას ახასიათებს რეციდივი. აღსანიშნავია, რომ ინფიცირებული ადამიანის ოჯახის წევრები და მათთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები, ასევე ექვემდებარებიან სამედიცინო შემოწმებას. ოჯახის წევრებზე ინფექციის გავრცელება ხშირია.
რა უნდა გავითვალისწინოთ მუნის დეზინფექციის დროს?
მუნის გამომწვევი პარაზიტი უნდა განადგურდეს არა მხოლოდ ინფიცირებული ადამიანის მკურნალობის გზით, არამედ შესაბამისი პირადი და საოჯახო ჰიგიენის დაცვით. საჭიროა საცხოვრებელი გარემოს დეზინფექცია, კერძოდ, გამოყენებული საყოფაცხოვრებო ნივთები (პირსახოცი, თეთრეული, ტანსაცმელი, რბილი ავეჯი) უნდა დამუშავდეს შესაბამისად, ან გაირეცხოს მაღალ ტემპერატურაზე. აუცილებელია პირადი მოხმარების ნივთების დეზინფექცია. ისეთი ნივთები, რომლის მაღალ ტემპერატურაზე რეცხვა ან დეზინფეცირება ვერ ხერხდება, ერთი თვის განმავლობაში მაინც შეფუთეთ პოლიეთილენის თავმოკრულ პარკში.