ტინიტუსი

 2023-12-08 ოტორინოლარინგოლოგია   ანდრო გაფრინდაშვილი

ტინიტუსი თანამედროვე ცხოვრების რიტმის თანმდევი პრობლემაა, რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია დიდი მეგაპოლისებისათვის. ტინიტუსის დროს შეინიშნება სხვადასხვა ტონალობის სუბიექტური ხმაურის შეგრძნება ერთ ან ორივე ყურში. ხმაური არ არის გამოწვეული რამე ობიექტური გარემო ფაქტორებით (ესმის მხოლოდ პაციენტს). ხმა შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის, მაგალითად სტვენის, ზარის რეკვის, გუგუნის, შრიალის, წრიპინის ან სხვა მონოტონური აკუსტიკური შეგრძნებები, რაც განსაკუთრებით აქტიურდება ღამის პერიოდში (ძილის წინ), ასევე ხმაურისგან დაცულ ოთახში.

ტინიტუსმა შესაძლოა არ გამოიწვიოს სმენის განსაკუთრებული პრობლემები თუ ის მცირე ხარისხითაა გამოხატული, მაგრამ საშუალო ან რთული ფორმით გამოხატული ტინიტუსის დროს, შესაძლებელია სმენის დაქვეითება, ძილის დარღვევები, გაღიზიანება და სხვა ტიპის პრობლემები, რაც ადამიანის შემოქმედებით, სოციალურ ცხოვრების ხარისხზე უარყოფითად აისახება. უნდა განვასხვაოთ დროებით წარმოქმნილი (რაც მხოლოდ ჩვენ ყურს ესმის) და მუდმივად თანმხლები ხმაური, კერძოდ, დროებითი ხმაური მალევე გაივლის, ხოლო მუდმივი ექიმთან კონსულტაციის საფუძველი უნდა გახდეს.

ტინიტუსს ახასიათებს მუდმივი ხმაური, რაც შესაძლოა გამოიწვიოს ყურის მექანიკურმა დაზიანებამ, საკმაოდ მძლავრი ხმაურის, აფეთქების ადგილზე ახლოს ყოფნამ, ასაკის მატებით გამოწვეულმა პროცესებმა, ყურის პათოლოგიებმა, ჰიპერტონიულმა დაავადებამ, სისხლძარღვების დაავადებებმა (ათეროსკლეროზი, ანევრიზმები), ზოგიერთი ტიპის პრეპარატების ხანგრძლივმა მიღებამ, ოსტეოქონდროზმა, თავის ტრავმებმა. გამომწვევი მიზეზი ასვევ შეიძლება იყოს ყურში დაგროვებული გოგირდის საცობი.

გამომდინარე იქედან, რომ ტინიტუსის გამომწვევი ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, აუცილებელია სრულფასოვანი კვლევების ჩატარება. საქმეში შეიძლება ჩაერთოს როგორც ყელ-ყურის სპეციალისტი, ასევე ნევროლოგი. გამომწვევი მიზეზის (მიზეზების) დადგენის და სწორი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია ტინიტუსის განკურნება, ან მისგან გამოწვეული ხმაურის შემცირება, ან პაციენტისთვის სწორი რჩევების მიცემა, თუ მკურნალობას შედეგი არ აქვს. პაციენტი უნდა ეცადოს, რომ ტინიტუსის მიერ გამოწვეულ ხმაურს ყურადღება არ დაუთმოს (განსაკუთრებით სიჩუმის დროს), მოერიდოს ხმაურისგან კარგად იზოლირებულ ოთახში ყოფნას და ყურადღება გადაიტანოს სხვა ობიექტური ტიპის ხმაურზე, მაგალითად, ჩიტების გალობაზე, ფოთლების შრიალზე, მუსიკაზე და სხცა.

ვიდეო ტესტი სმენის შესამოწმებლად