სუპრავენტრიკულური პარკუჭზედა ექსტრასისტოლია
2024-02-03სუპრავენტრიკულური (წინაგულოვანი, პარკუჭზედა) ექსტრასისტოლის დროს ირღვევა გულის ნორმალური რითმი, რაც განპირობებულია სინუსის კვანძის გარეთ წარმოქმნილი იმპულსის შედეგად გამოწვეული გულის ნაადრევი შეკუმშვით. სუპრავენტრიკულური, ანუ პარკუჭზედა ექსტრასისტოლა ჩვეულებისამებრ, საშიში არ არის, უფრო საყურადღებოა პარკუჭოვანი ექსტრასისტოლის შემთხვევები. ნორმის ფარგლებში ექსტრასისტოლები უფიქსირდება ყველას, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც საჭიროა კარდიოლოგთან კონსულტაცია.
ექსტრასისტოლია არითმიის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს, რომელიც შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ და იყოს საფრთხის შემცველი, ან პირიქით, გამოიხატოს არასასიამოვნო შეგრძნებით და სრულებითაც არ იყოს საშიში. ექსტრასისტოლის დროს ადამიანს ეუფლება გულის ძლიერად შეკუმშვის შეგრძნება, თითქოს გულმა ფეთქვა შეწყვიტა და პაუზის შემდგომ კვლავ განაგრძო მუშაობა, რაც საკმაოდ არასასიამოვნო შეგრძნებაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ორგანიზმი პანიკურმა შიშმაც მოიცვა.
გულის შეკუმშვების სიხშირეს მისივე ელექტრული სისტემა უზრუნველყოფს, რომელიც გამოიმუშავებს რეგულარულ ელექტრულ იმპულსებს, განსაზღვრული სიხშირით, მაგალითისათვის, როგორც მეტრონომი გამოსცემს ხმოვან სიგნალს მუსიკალური ტემპის გასაზომად. იმპულსი თავდაპირველად წარმოიშობა მარჯვენა წინაგულთან არსებულ სინუსის კვანძში, შემდგომ ვრცელდება წინაგულ-პარკუჭოვან სისტემაში. ექსტრასისტოლის დროს მამოძრავებელი იმპულსი წარმოიქმნება არა სინუსის კვანძში, არამედ მის გარეთ, პარკუჭებში, წინაგულებში, ან წინაგულოვან-პარკუჭოვან კვანძში, რაც გულის ნაადრევ შეკუმშვას იწვევს.
ექსტრასისტოლები შეიმჩნევა პულსის მოსმენისას, მაჯაზე ხელის დადებით და რათქმაუნდა ელექტროკარდიოგრამის ან გულის ულტრაბგერითი კვლევის დროს. ექსტრასისტოლების რაოდენობა დამოკიდებულია ასაკზეც, ასევე მოქმედებს ემოციური ფაქტორი, ფიზიკური გადღლა, ენდოკრინული სისტემის დარღვევები.