თამბაქოს მოხმარების ზეგავლენა ჯანმრთელობაზე და მოწევის შეწყვეტა

 2025-01-28 სხვა   ანდრო გაფრინდაშვილი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თამბაქოს მოხმარება ყოველწლიურად 8 მილიონი ადამიანის გარდაცვალებას იწვევს. ამ მავნე ჩვევისგან თავის დაღწევა რთულია, მაგრამ ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი იმდენად საყურადღებოა, რომ ნებისმიერმა მწეველმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თამბაქოს მოხმარების შეწყვეტაზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მოყვანილი აქვს 100 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეწყვიტონ მწეველებმა თამბაქოს მოხმარება.

  1. მწეველებში COVID-19 ინფექციის მიმდინარეობა გაცილებით უფრო რთულია, ასევე გაზრდილია ფატალური შედეგის დადგომის რისკები.
  2. მწეველებს აღენიშნებათ უსიამოვნო სუნი პირის ღრუში, ხელებზე, კანზე, ტანსაცმელზე.
  3. მოწევის შემდგომ დამახასიათებელია უსიამოვნო სუნი სუნთქვის დროს.
  4. თამბაქო იწვევს კბილების გაყვითლებას და ნადების წარმოქმნას პირის ღრუში.
  5. თამბაქოს მოხმარება იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას.
  6. თამბაქოს მოხმარება ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნას, განსაკუთრებით ტუჩების და თვალების მიდამოში, შედეგად ადამიანი უფრო ასაკოვნად გამოიყურება.
  7. მოწევა ზრდის ფსორიაზის განვითარების რისკებს.
  8. მოწევა აზიანებს არამარტო მწეველის ჯანმრთელობას, არამედ ირგვლივ მყოფთაც. ყოველწლიურად 1 მილიონი ადამიანი იღუპება პასიური მწეველის სტატუსით.
  9. არამწეველი ადამიანისთვის იზრდება ფილტვის კიბოს რისკი მხოლოდ იმის გამო, რომ აქტიური მწეველები აიძულებენ მას ისუნთქოს თამბაქოს კვამლი.
  10. გადაგდებული სიგარეტის ნაწმვი შემთხვევით გაჩენილი ხანძრის ხშირი მიზეზია.
  11. პასიურ მწეველებში ელექტრო სიგარეტი იმავე ფორმით იწვევს ნიკოტინის და სხვა მავნე ნივთიერებების ჩასუნთქვას, როგორც ჩვეულებრივი.
  12. პასიურ მწეველებში თამბაქოს ბოლის ჩასუნთქვა ზრდის ტუბერკულოზის პროგრესირების და აქტიურ ფაზაში გადასვლის რისკებს.
  13. ადამიანები, რომელთაც აწუხებთ დიაბეტი ტიპი 2, უფრო მეტად ზარალდებიან თამბაქოსგან, თუნდაც პასიური მწეველის სტატუსის შემთხვევაში.
  14. მწეველ მოზრდილებში და ბავშვებში თამბაქოს მოხმარება იწვევს ფილტვის ფუნქციათა შესუსტებას, რის გამოც ზრდასრულ ასაკში მათ უვითარდებათ ქრონიკული რესპირატორული დაავადებები.
  15. ელექტრო სიგარეტის სითხე საკმაოდ საშიშია ბავშვებისთვის, რადგან არსებობს რისკი მოწევის დროს სითხის ჩაყლაპვის.
  16. ფიქსირდება ტრავმები და დამწვრობები, რაც გამოწვეულია ელექტრო სიგარეტის აალების ან აფეთქების შედეგად.
  17. სკოლის ასაკის ბავშვებში, თუნდაც პასიური მწეველის სტატუსი, ზრდის ასთმის განვითარების რისკს.
  18. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში თამბაქოს მოხმარების შედეგად წარმოქმნილმა ბოლმა, შესაძლოა პატარებში შუა ყურის ანთება გამოიწვიოს, რაც შეიძლება სმენის დაკარგვის მიზეზიც გახდეს.
  19. ბავშვებში და მოზარდებში თამბაქოს ნაწარმის მოხმარებაზე უარის თქმა მნიშვნელოვნად ამცირებს ასთმის და სხვადასხვა რესპირატორული დაავადებების განვითარების რისკებს. ასევე მნიშვნელოვანია, არ ვაიძულოთ მოზარდები, ისუნთქონ თამბაქოს კვამლი.
  20. თუ გსურთ საკუთარ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, შვილებს და თქვენს ირგვლივ მყოფთ მისცეთ დადებითი მაგალითი, მაშინ უარი თქვით თამბაქოს მოხმარებაზე.
  21. თამბაქოს მოხმარება შესაძლოა უარყოფითად აისახოს თქვნთვის ძვირფას ადამიანებზე, ასევე გამოიწვიოს ნეგატიური შედეგები სოციალურ ურთიერთობებში.
  22. მოწევაზე უარის თქმის შემთხვევში, თქვენ იხსნით დისკომფორტს, არ გიწევთ მოსაწევად გასვლა გარეთ, ან შენობაში სპეციალური ადგილის შერჩევა, რომელიც განკუთვნილია მწეველებისთვის.
  23. თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა, რიგ შემთხვევებში ზრდის პიროვნების შრომისუნარიანობას.
  24. თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა ამცირებს თქვენს დანახარჯებს. ეს ნიშნავს, არამხოლოდ თამფაქოს ნაწარმში თანხის არ გადახდას, არამედ სამედიცინო ხარჯების შემცირებასაც, რაც თამბაქოს მოხმარებით ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანის სამკურნალოდ შეიძლება დაგჭირდეთ.
  25. უმეტეს შემთხვევებში თამბაქოს მოხმარება ამცირებს შრომისუნარიაობას.
  26. თამბაქოს ნაწარმზე ფასების ზრდა, რომელიც მიმართულია მოწევისთვის თავის დანებებაზე, კიდევ უფრო ამცირებს თქვენს ბიუჯეტს და ზრდის არამიზნობრივ ხარჯებს.
  27. თამბაქოს მოხმარება ზრდის სახელმწიფოს ფინანსურ დანახარჯებს, რომელიც მიმართულია მოწევისთვის თავის დანებების პროგრამებზე, ასევე იმ პროექტებზე, რაც ითვალისწინებს თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო კამპანიას.
  28. მწეველების მნიშვნელოვან ნაწილს ხშირად აწუხებთ უნაყოფობის პრობლემები.
  29. მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს ერექციული დისფუნქცია. თამბაქოს მოხმარება ხელს უშლის სისხლის ნაკადის საჭირო ოდენობით მიწოდებას სასქესო ასოსთვის, რაც ამცირებს ერექციის ხანგრძლივობას და ხარისხს.
  30. მოწევა უარყოფით ზეგავლენას ახდენს სპერმატოზოიდების ფორმაზე, რაოდენობასა და მოძრაობის სისწრაფეზე.
  31. ყველა თამბაქოს ნაწარმი ზიანის მომტანია ორგანიზმისათვის.
  32. თამბაქო კლავს თავის მოხმარებელთა ნახევარზე მეტს.
  33. ჩილიმის და მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების მოწევა ისეთივე საზიანოა, როგორც თამბაქოს პროდუქციის.
  34. საღეჭმა თამბაქომ შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს კიბო, კბილების დაცვენა, კბილის ემალის დაზიანება, ღრძილებზე ნადების წარმოქმნა და პაროდონტიტი.
  35. უკვამლო თამბაქოს ნაწარმის მოხმარებისას, მასში შემავალი ნიკოტინი უფრო სწრაფად შეიწოვება ორგანიზმში, ვიდრე სიგარეტის მოწევისას, რაც თავისმხრივ უფრო აჩქარებს ნიკოტინზე დამოკიდებულობას.
  36. თამბაქოს პროდუქციის ყიდვით თქვენ ხელს უწყობთ იმ ფერმერების და მომსახურე პერსონალის დაავადებათა ზრდას, რომლებიც თაბაქოს პლანტაციებში მუშაობისას იზიანებენ საკუთარ ჯანმრთელობას, კანის მიერ ნიკოტინის შეწოვის, თამბაქოს მტვერის და გამოყენებული პესტიციდების ჩასუნთქვის გამო.
  37. ზოგიერთ ქვეყანაში თამბაქოს მოყვანის პროცესში ჩართული არიან ბავშვები, რაც აზიანებს მათ ჯანმრთელობას. ეს პროცესი ამასთანავე ხელს უშლის ბავშვებს სრულფასოვანი განათლების მიღებაში.
  38. თამბაქოს მოხმარება ზრდის სიღარიბეს და აუარესებს ჯანდაცვის ხარისხს, განსაკუთრებით დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის დიდ ნაწილს ხელი არ მიუწვდება სრულფასოვან სამედიცინო დახმარებაზე.
  39. თამბაქოს პლანტაციებში დასაქმებული მუშახელი იღებს საკმაოდ მცირე ანაზღაურებას საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, მაშინ როდესაც მსხვილი თამბაქოს მწარმოებლები უზარმაზარ მოგებას ნახულობენ.
  40. გაცხელებული თამბაქოსგან (ელექტრო სიგარეტისგან) მიღებული პროდუქცია გამოჰყოფს ტოქსინებს, რომელთა გარკვეული ნაწილი იწვევს კიბოს.
  41. ჩვეულებრივი თამბაქოს პროდუქციიდან გაცხელებულ თამბაქოს ნაწარმზე გადასვლა არ ნიშნავს მოწევისგან თავის დანებებას ან ჯანმრთელობისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის შემცირებას.
  42. არ არსებობს კვლევები, რაც ადასტურებს, რომ გაცხელებულ თამბაქოს ნაწარმისგან მიღებული ჯანმრთელობის ზიანი ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტისგან.
  43. მოზარდებში და ბავშვებში, რომლებიც ელექტრო სიგარეტს მოიხმარენ, მინიმუმ გაორმაგებულია ზრდასრულ ასაკში მწეველის სტატუსი.
  44. ელექტრო სიგარეტების მოხმარება ზრდის გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების განვითარების რისკებს.
  45. ელექტრო სიგარეტებში წარმოდგენილი ნიკოტინი იწვევს სწრაფ დამოკიდებულობას.
  46. სიმსივნით გარდაცვალების 25%-ში მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა.
  47. არამწეველებთან შედარებით, მწეველებს 22-ჯერ უფრო მეტი რისკი აქვთ ფილტვის კიბოთი დაავადების.
  48. ადრეულ ასაკში თამბაქოს მოხმარება იწვევს ფილტვების ზრდის და განვითარების მნიშვნელოვნად შეფერხებას, ასევე ზრდის ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების განვითარების რისკს.
  49. მოწევა განსაკუთრებით საშიშია ასთმით დაავადებულთათვის, რადგან ზრდის ასთმის მწვავე შეტევის რისკებს.
  50. თამბაქოს მოხმარება ორჯერ ზრდის ლატენტური ტუბერკულოზის გადასვლას აქტიურ ფაზაში.
  51. მოწევა ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკებს, მათ შორის პასიურ მწეველებშიც.
  52. მწეველებს გაორმაგებული აქვთ ინსულტის განვითარების რისკი.
  53. თამბაქოს ნაწარმი აზიანებს გულის არტერიებს და იწვევს სისხლძარღვების კედლებზე თრომბის წარმოქმნას.
  54. თამბაქოს და ნიკოტინის შემცველი პროდუქციის მოხმარება აოთხმაგებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.
  55. თამბაქოს მოხმარება 20-მდე სახეობის კიბოს გამომწვევია, მათ შორის პირის ღრუს, ფილტვის, ტუჩის და ხორხის სიმსივნის.
  56. ხორხის სიმსივნის შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ტრაქეოტომია, რაც გულისხმობს სასუნთქი მილიდან გარეთ გამომავალი ხვრელის შექმნას, რაც პაციენტს სუნთქვის საშუალებას აძლევს.
  57. მწეველებში გაზრდილია ლეიკოზის შემთხვევები, ასევე ღვიძლის, კუჭის, კუჭქვეშა ჯირკვლის, თირკმლის და ქვედა საშარდე სისტემის კიბოს შეთხვევები.
  58. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ქალბატონებში ძუძუს კიბოს შემთხვევები კავშირშია თამბაქოს მოხმარებასთან, განსაკუთრებით იმ ქალებში, რომლებიც პირველი ორსულობის დადგომამდე მოიხმარდნენ თამბაქოს ნაწარმს.
  59. ცნობილია, რომ მოწევა ზრდის საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკებს იმ ქალბატონებში, რომლებიც ინფიცირებულნი არიან ადამიანის პაპილომავირუსით.
  60. მოწევა იწვევს თვალის დაავადებებს, ხოლო არმკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა მხედველობის დაქვეითება ან დაკარგვა.
  61. მწეველებში მომატებულია ასაკობრივი მაკულოდისტროფიის განვითარების რისკი, რაც იწვევს მხედველობის დაკარგვას.
  62. მწეველებში მომატებულია კატარაქტის განვითარების რისკი, რაც იწვევს მხედველობის გაუარესებას, შედეგად ოპერაციის ჩატარების გარეშე შეუძლებელი ხდება მხედველობის სიმახვილის აღდგენა.
  63. ზოგიერთი კვლევა ადასტურებს, რომ გლაუკომის განვითარება დაკავშირებულია თამბაქოს მოხმარებასთან. გლაუკომა თვალის ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც იზრდება თვალის შიგა წნევა.
  64. ზრდასრული მწეველები ხშირად უჩივიან სმენის გაუარესებას.
  65. ვინც თამბაქოს მთელი ცხოვრების მანძილზე მოიხმარს, საშუალოდ კარგავს სიცოცხლის 10 წელს.
  66. თითეული ღერი სიგარეტის მოწევის შემდეგ ორგანიზმში ხვდება ტოქსინები და კანცეროგენები, რომელთა დიდმა ნაწილმა შესაძლოა სიმსივნე გამოიწვიოს.
  67. მოწევა ზრის დიაბეტის განვითარების რისკს.
  68. მოწევა ზრდის დემენციის განვითარების რისკს, ასევე შეიძლება დაქვეითდეს ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები და ტვინის ფუნქციობა.
  69. ალცჰაიმერის დაავადების განვითარება 14%-ში თამბაქოს მოხმარებას უკავშირდება.
  70. მწეველ ქალებს უფრო ხშირად აღენიშნებათ მტკივნეული მენსტრუაცია და უფრო მძიმე მენოპაუზის სიმპტომები.
  71. მწეველი ქალები 1-4 წლით ადრე განიცდიან მენოპაუზის დადგომას. მოწევა აფერხებს კვერცხუჯრედების წარმოქმნას საკვერცხეებში, რაც იწვევს რეპროდუქციული ფუნქციის დაკარგვას და ესტროგენის დონის შემცირებას.
  72. თამბაქოს მოხმარება აუარესებს ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებას.
  73. თამბაქოს მოხმარება იწვევს სისხლის ნაკადის არასაკმარისი რაოდენობით მიწოდებას ორგანოთა სისტემებისათვის, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ქსოვილის სიკვდილი და საჭირო გახდეს დაზიანებული უბნების ამპუტაცია.
  74. მოწევის დროს უარესდება საკვების გემოვნური თვისებების შეგრძნება, იზრდება ღრძილების ანთების (პარადონტიტის) განვითარების რისკები, რამაც შესაძლოა ადამიანი კბილების დაკარგვამდე მიიყვანოს.
  75. მწეველებში პოსტოპერაციული გართულებების რისკი გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე არამწეველებში.
  76. მწეველებში ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნის პროცესი გაცილებით უფრო რთული სამართვია, რაც იწვევს პაციენტისთვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მეტი დროის გატარებას.
  77. მოწევა აუარესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციობას, ზრდის კუჭის წყლულის და ნაწლავის ანთებითი დაავადებების განვითარების რისკებს.
  78. მწეველებში შედარებით უფრო რთულად მიმდინარეობს ძვლის შეხორცების პროცესი, ხოლო განვითარებული მოტეხილობების რისკი შედარებით მომატებულია, რადგან ძვლის სიმკვრივე ქვეითდება.
  79. თამბაქოს მოხმარების შედეგად ჩასუნთქული კვამლი უარყოფითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და ზრდის ფილტვის ინფექციათა განვითარების რისკს.
  80. აუტოიმუნური დაავადებებისადმი გენეტიკური მიდრეკილების მქონე მწეველებს აქვთ ისეთი დაავადებების განვითარების მაღალი რისკი, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, კრონის დაავადება, ბაქტერიული მენინგიტი, პოსტოპერაციული ინფექციები და კიბო.
  81. მოწევა სერიოზულ ზიანს აყენებს იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებს.
  82. აივ ინფიცირებულ ადამიანებში თამბაქოს მოხმარება ზრდის შიდსის განვითარების რისკებს. აივ დადებითი მწეველების სიცოცხლის დაკარგული წლების საშუალო რაოდენობა 12,3 წელია. ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება აივ-დადებითი არამწეველების მაჩვენებელს.
  83. თამბაქოს მოხმარება და თამბაქოს კვამლით დაბინძურებულ ადგილებში ყოფნა უარყოფითად მოქმედებს ორსულებზე და ზრდის სპონტანური აბორტის რისკებს.
  84. ორსულობის დროს, ნაყოფისთვის პასიური მწეველის სტატუსით მიყენებული ზიანი უთანაბრდება თამბაქოს აქტიურ მოხმარებას.
  85. თამბაქოს მოხმარება ზრდის გარდაცვალებული ნაყოფის დაბადების რისკს.
  86. თამბაქოს მოხმარება ქალებში ზრდის საშვილოსნოსგარე ორსულობის დადგომის რისკებს.
  87. ორსულობის დროს მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა.
  88. მოწევაზე უარის თქმა, ასევე თამბაქოს კვამლით დაბინძურებულ ადგილებში ვიზიტისგან თავის შეკავება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეპროდუქციული ასაკის გოგონებისთვის და მათთვის, ვისაც ახლო პერიოდში ორსულობა აქვს დაგეგმილი.
  89. ელექტრო სიგარეტის მოხმარება ისეთივე ზიანს აყენებს ორსულებს, როგორც ჩვეულებრივი.
  90. მოწევაზე უარის თქმის შემთხვევაში, თქვენ არამარტო საკუთარ ჯანმრთელობაზე, არამედ გარემოს დაცვაზეც ზრუნავთ.
  91. სიგარეტის ნამწვი მიეკუთვნება ყველაზე ხშირად გადაყრილ ნარჩენებს, რამაც შესაძლოა საგრძნობლად დააბინძუროს გარემო, განსაკუთრებით სანაპიროები და პლაჟები.
  92. გადაგდებული სიგარეტის ნამწვში აღმოჩენილია საშიში ნივთიერებებიც, მაგალითად დარიშხანი, ტყვია, ნიკოტინი, ფორმალდეჰიდი, რაც შემდგომ ნიადაგში და წყალში ხვდება.
  93. თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაკვამლიანება ზრდის დიდ ქალაქებში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლებს.
  94. თითეული ღერი სიგარეტის ანთებას მინიმუმ ერთი ასანთის ღერი (ან სანთებელა) ჭირდება. რომ წარმოვიდგინოთ, მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად 6 ტრილიონი სიგარეტის ასანთებად 9 მილიონი ხის მოჭრა იქნება საჭირო.
  95. ელექტრო სიგარეტი შესაძლოა შეიცავდეს სპეციალურ ბატარეას, რომელსაც უტილიზაციის სპეციფიური წესები აქვს, ხოლო თითეული მსგავსი მოწყობილობის საყოფაცხოვრებო ნაგავში გადაგდება, გარემოს დაბინძურებას გამოიწვევს.
  96. ამჟამად, ელექტრო სიგარეტის პლასტიკური კარტრიჯების უმეტესობა ერთჯერადია და გადამუშავებას არ ექვემდებარება. დიდი კომპანიები მიდრეკილნი არიან ერთჯერადი კარტრიჯების გაყიდვისკენ, გაყიდვების გაზრდის და მუდმივი მომხმარებლის შენარჩუნების მიზნით.
  97. თამბაქოს წარმოების პროცესში გამოყოფილი გამონაბოლქვი 3 მილიონი ტრანსატლანტიკური ფრენის ექვივალენტურია.
  98. თამბაქოს კვამლი შეიცავს სამი სახის გაზს - ნახშირორჟანგს, მეთანს და აზოტის ოქსიდებს, რაც აბინძურებს შენობის შიდა სივრცეს და ღია გარემოს.
  99. მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 200 000 ჰექტარი მიწა გამოიყენება თამბაქოს მოსაყვანად და გადასამუშავებლად. თამბაქოს კულტივირებისთვის საჭირო სასოფლო-სამეურნეო მიწების გაფართოების მიზნით ტყეების გაჩეხვას ხშირად უარყოფითი ეკოლოგიური შედეგი აქვს.
  100. თამბაქოს მოხმარებით გარემოსთვის მიყენებულ ზარალს და მოწევის შედეგად ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენების ალბათობას თუ გავითვალისწინებთ აღმოჩნდება, რომ თამბაქოსთვის თავის დანებება კიდევ ერთი სწორი ნაბიჯია თითეული ადამიანის ცხოვრებაში.