ცოფის ვირუსი
2025-01-26ცოფი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ცოფის ვირუსი (Rabies lyssavirus) იწვევს. ვირუსი მიეკუთვნება რაბდოვირუსების ოჯახს. მისი ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ იწყება ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანება, ხოლო ცოფის საწინააღმდეგო (ანტირაბიული) აცრის დროულად ჩატარების გარეშე ინფექცია სრულდება ფატალური შედეგით. ცოფი ზოონოზური ტიპის ინფექციური დაავადებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ვირუსი ვრცელდება ცხოველიდან ცხოველზე, ასევე ცხოველიდან ადამიანზე. ინფიცირების წყაროს წარმოადგენენ ცოფის ვირუსით დაავადებული ცხოველები, ძირითადად მელიები, მგლები, ღამურები, ძაღლები, კატები, კურდღლები, რქოსანი პირუტყვი და სხვა ძუძუმწოვრები.
ცოფის საინკუბაციო პერიოდი საშუალოდ 10-დან 90 დღემდე გრძელდება. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ვირუსი იწყებს გადაადგილებას ცენტრალური ნერვული სისტემის მიმართულებით და აღუდგენლად აზიანებს ნერვულ უჯრედებს. რაც უფრო ახლოსაა ინფექციის კერა (დაკბენილი, დაკაწრული ან დადორბვლის ადგილი) თავის ტვინთან, მით უფრო მცირეა ინკუბაციის პერიოდი.
ინფექციას განსაკუთრებით საშიშს ხდის ფარული სტადია, რა დროსაც დაავადებულმა ცხოველმა შესაძლოა საერთოდ არ გამოავლინოს ცოფისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ასეთ შემთხვევაში ადამიანს უჭირს ცოფზე ეჭვის მიტანა და კვლავ განაგრძობს დაავადებულ ცხოველთან კონტაქტს ისე, რომ გაანალიზებული არ აქვს თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება დააყენოს საკუთარი თავი.
პათოგენი
ცოფის ვირუსი Lyssavirus გვარის და Rhabdoviridae ოჯახის ტიპიური წარმომადგენელია. ვირუსი მოთავსებულია გარსში და შეიცავს ერთჯაჭვიან რნმ გენომს. უჯრედში შესაღწევად ის იყენებს მემბრანაზე მიმაგრებულ ცილას, რომელიც ზემოქმედებს უჯრედის სპეციფიკურ რეცეპტორებზე, რის შედეგადაც ვირუსი იჭრება ენდოსომის (მემბრანული უჯრედშიდა ორგანელას) შიგნით და გამოათავისუფლებს საკუთარ რნმ-ს. ნერვულ უჯრედში მოხვედრის შემდეგ ვირუსი იწყებს რეპლიკაციას. ცოფი ნეიროტროპული ვირუსია, ის გადაადგილდება ნერვული სისტემის კვანძებით, საბოლოოდ აღწევს თავის და ზურგის ტვინში და შეუქცევადად აზიანებს ნერვულ უჯრედებს.
ინკუბაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ორგანზიმში მოხვედრილი ვირუსის რაოდენობაზე, დაზიანებული ადგილის ლოკალიზაციაზე, მისი ინერვაციის ხარისხზე, ასევე ნაკბენის ან ნაკაწრის სიღრმეზე და ადამიანის იმუნური სისტემის საერთო მდგომარეობაზე. ცოფის ვირუსით შეიძლება დაინფიცირდეს ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანი. ბავშვებში ინფექციის სიმპტომები სწრაფადვე იჩენს თავს, რადგან ვირუსი ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე უფრო მალე აღწევს.
მაღალ ტემპერატურაზე (60 °С) ვირუსი ნადგურდება, ხოლო დაბალი ტემპერატურის პირობებში -4°С დან -250°С მდე, ის ნარჩუნდება 1 წელის განმავლობაში. ითვლება, რომ თავდაპირველად ცოფის ვირუსი გავრცელდა ღამურებიდან სხვა ცხოველებზე, ხოლო შემდგომ ცხოველიდან ადამიანზე. ადამიანიდან ადამიანზე ცოფის გადაცემის შემთხვევები პრაქტიკულად არ ფიქსირდება, თუმცა ცოფით დაინფიცირებული ადამიანის კბენის შემთხვევაში ექიმთან ვიზიტი დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.
ცოფის სიმპტომები
- საწყის სტადიაზე (გრძელდება 1-3 დღე) გამოიხატება სისუსტე, შფოთვა, თავის ტკივილი, ტემპერატურის მომატება, ყელის ტკივილი და გულისრევის შეგრძნება, ასევე ნაკბენ ან დაკაწრულ ადგილზე ტკივილი და ქავილის შეგრძნება;
- მეორე სტადიაზე (გრძელდება 2-4 დღე) გამოხატულია მეტყველების დარღვევები, ჰალუცინაციები, აგრესია, კრუნჩხვები, სინათლის შიში, წყლის შიში (ჰიდროფობია), მოჭარბებული ნერწყვდენა, თვალის გუგების გაფართოვება, პულსის გახშირება, დამბლა. ადამიანი ხდება უკონტროლო და საფრთხეს წარმოადგენს, როგორც სხვებისთვის, ასევე საკუთარი თავისთვისაც;
- მესამე სტადია (გრძელდება 1-3 დღე) ხასიათდება თავის ტვინის ანთებით (ენცეფალიტი), სასუნთქი სისტემის კუნთების დამბლით, რაც იწვევს გარდაცვალებას;
გადაცემის გზები
- ინფიცირება ხდება ცოფით დაავადებული ცხოველის ნაკბენით ან ჩამოკაწვრით;
- ინფიცირება ასევე შეიძლება მოხდეს დაზიანებული კანის საფარველზე ან ლოწოვან გარსზე (მაგალითად თვალში, პირში) დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრისას;
- ცოფის ვირუსი ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს ინფიცირებული ადამიანის ორგანოების ტრასპლანტაციის შედეგადაც, თუმცა ასეთი შემთხვევები ძალზედ იშვიათია;
დიაგნოსტირება
ცოფის დიაგნოსტიკა ხორციელდება გამოხატული სიმპოტემების და ლაბორატორიული ანალიზების საფუძველზე. პირველ ეტაპზე ექიმი ათვალიერებს ნაკბენით ან დაკაწვრით დაზიანებულ ადგილს. ვიზუალური დათვალიერების დროს მოწმდება დაზიანების სიღრმე, ასევე ნაკბენების და ნაკაწრების რაოდენობა. ექიმს ესაჭიროება სხვა ინფორმაციის მიწოდებაც, კერძოდ, შინაურია თუ არა ცხოველი, თუ აქვს ჩატარებული აცრები, აქვს თუ არა გამოხატული აგრესია პატრონის მიმართ და სხვა დეტალები, რამაც შესაძლოა ეჭვი მიიტანოს ცხოველის ცოფით ინფიცირებაზე.
მკურნალობა
ინფექციის საბოლოო სტადიაზე დაწყებული მკურნალობა, როგორც წესი არაეფექტურია. სიცოცხლის შენარჩუნებისათვის აუცილებელია დროული და კვალიფიციურად ჩატარებული ცოფის საწინააღმდეგო აცრები. დაკბენის ან დაკაწვრის შემთხვევაში, თუ ცნობილი არ არის ან საეჭვოა ცხოველის ჯანმრთელობის სტატუსი, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რათა თავიდან აირიდოთ შესაძლო მძიმე გართულებები და ფატალური შედეგი. განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი ტიპის დაზიანებები, რაც ახლოსაა თავთან, მაგალითად ნაკბენი ან ნაკაწრი სახეზე, ყელზე, კისერზე ან ხელებზე.
მკურნალობის (ვაქცინაციის) კურისი რამოდენიმე ეტაპს მოიცავს. ამ ეტაპებს შორის არსებულ შუალედში აუცილებელია ცხოველზე აქტიური დაკვირვება 10 დღის განმავლობაში, თუ რათქმაუნდა ამის საშუალება არსებობს. ექიმი ითვალისწინებს ცხოველზე დაკვირვებით მიღებულ ინფორმაციას და შესაბამისად ახორციელებს ვაქცინაციის სრული კურსის მართვას. იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი მოკვდა, აცრების რაოდენობა და სრული პოსტექსპოზიციური მკურნალობის კურსი შესაძლოა შეიცვალოს ექიმის გადაწყვეტილების შესაბამისად.
ზოგიერთს ანტირაბიული აცრის მიმართ არასწორი დამოკიდებულება აქვს და თვლის, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა საკმაოდ უარყოფით გავლნას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. გასაგებია, რომ ნებისმიერმა აცრამ შეიძლება გამოიწვიოს მცირე გვერდითი ეფექტები ისევე, როგორც ნებისმიერმა მედიკამენტმა, მაგრამ ვინაიდან ცოფის ყველა შემთხვევა გარდაცვალებით მთავრდება, აცრის ვერცერთი გვერდითი ეფექტი ამ რისკს ვერ გადაწონის.
პროფილაქტიკა
- მოერიდეთ გარეულ ცხოველებთან და ქუჩაში მცხოვრებ ძაღლებთან ან კატებთან მჭიდრო კონტაქტს, რომელთა ჯანმრთელობის სტატუსი თქვენთვის ცნობილი არ არის;
- თუ გყავთ ძაღლი ან კატა, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჩაუტარეთ შესაბამისი აცრები, მაშინ აუცილებლად მიიღეთ ზომები დროული ვაქცინაციისთვის;
- ვეტერინარებმა, ასევე სხვა პირებმა, რომლებთაც მუშაობა უწევთ ცხოველებთან, აუცილებლად უნდა ჩაიტარონ შესაბამისი პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა, აცრები;
- თუ ცხოველმა გიკბინათ ან დაგკაწრათ, სწრაფადვე ჩამოიბანეთ დაიზანებული ადგილი დიდი რაოდენობის საპნიანი წყლით ან ანტისეპტიკური საშუალებით, მაგალითად წყალბადის ზეჟანგით, შემდგომ ჭრილობა დაიმუშავეთ სპირტით ან იოდით;
- იმ შემთხვევაში თუ ნაკბენი ღრმაა, დაზიანებული ადგილის საპნიანი წლით ჩამობანვის შემდეგ აუცილებელია სისხლდენის შეჩერება. დაზიანებულ ადგილზე დაიდეთ სუფთა ნაჭერი, ბამბა ან სტერილური ბინტი და დააჭირეთ ზომიერად;
- ცხოველის მიერ დაკაწვრის ან დაკბენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცხოველი შინაური არ არის და მისი ჯანმრთელობის სტატუსის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს;
ჯინას მკურნალობა
ჩვენს ცხოვრებაში და მათ შორის მედიცინის სფეროში, სასწაულები ნამდვილად ხდება. ამის დასტურია მოვლენა, რომელიც ჯინას მკურნალობის სახელთ არის ცნობილი (მილუოკის პროტოკოლი). ჯინა გისი პირველი ადამიანია, რომელიც გადაურჩა ცოფის ვირუსით დაღუპვას ინფიცირების შემდგომ აცრის ჩატარების გარეშე.
15 წლის ასაკში ჯინას ღამურამ უკბინა, რის შემდგომაც რამოდენიმე კვირაში ციფის სიმპტომები განუვითარდა. ასეთ დროს ფატალური შედეგები დგება, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების, უისკონსინის შტატის ბავშვთა ექიმებმა მიმართეს მკურნალობის ექსპერიმენტულ მეთოდს, კერძოდ, მედიკამენტების დახმარებით ჯინა სამედიცინო კომაში მოათავსეს, რათა მის იმუნურ სისტემას ვირუსთან საბრძოლველი დრო და მეტი რესურსი ჰქონოდა. ჯინა გამოჯანმრთელდა, საკუთარი თავის, მეგობრების და ოჯახის წევრების დახმარებით მან პრაქტიკულად ხელთავიდან ისწავლა სიარული, კითხვა, საუბარი, დაუბრუნდა აქტიურ ცხოვრებას და მოგვიანებით დედაც გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ ცოფი საკმაოდ შესწავლილი დაავადებაა, მისი დაგვიანებული მართვა უდიდეს რისკებთან და სიცოცხლის მოსპობასთან არის დაკავშირებული. დროული სამედიცინო დახმარების შემთხვევაში შესაძლებელია ცოფის მკურნალობა და სიცოცხლის გადარჩენა. ადამიანების უდიდეს ნაწილს დიდ ბედნიერებას და სიხარულს ჰგვრის შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა. იმისათვის, რომ უსაფრთხოდ მოვეფეროთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს, აუცილებელია მათთვის ცოფის საწინააღმდეგო აცრების დროულად ჩატარება.