ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
2024-01-03ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა საკმაოდ გავრცელებული ფსიქიკური დარღვევის ფორმაა, რომელსაც ახასიათებს ობსესიები, ანუ აკვიატებული ფიქრები და კომპულსიები, ანუ გააზრებული, მაგრამ აბსურდული ქმედებები. კომპულსიურ ქმედებებს პიროვნება ახორციელებს იმისათვის, რომ გაანეიტრალოს ობსესიური აზრები. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა იმ ფსიქიკური დარღვევების ფორმას მიეკუთვნება, რომლის დროსაც ადამიანს საკმაოდ გაძნელებული აქვს სრულფასოვან სოციალურ ცხოვრებაში აქკიური მონაწილეობის მიღება.
დამახასიათებელი მდგომარეობები:
- აკვიატებული აზრები, ფიქრები და მსჯელობები;
- უსაფუძვლო და არა მიზეზ-შედეგობრივი მღელვარება;
- შიშები, რომელსაც არ აქვს ლოგიკური საფუძველი და გამოწვეულია აბსურდული ფიქრებით;
- განმეორებადი რიტუალები და ქმედებები;
- არალოგიკური და არაადეკვატური ქცევები;
- აბსოლიტური პედანტიზმი (გადაჭარბებული სიზუსტით საქმის კეთება, ნივთების სიმეტრიულად დალაგება, განუწყვეტლივ დასუფთავება და სხვა);
- გადაჭარბებული პერფექციონიზმი (დაწყებული საქმე თითქმის არ სრულდება და პიროვნება გამუდმებით ეძებს მისი სრულყოფის გზებს);
- ხშირი შემოწმებები (მაგალითად კარი დაკეტილია თუ არა, ონკანი ნამდვილად დახურულია თუ ღიაა და სხვა);
- უსარგებლო ნივთების შეგროვება;
- გარკვეული გარემოებებისგან თავის არიდება, მითუმეტეს თუ მსგავს გარემოში შეიძლება აღმოცენდეს აკვიატებული აზრი, ან გაამძაფროს პიროვნების ემოციური მდგომარეობა;
- რეალურ საფუძვლებს მოკლებული ქმედებები, რომელსაც ასევე რეალურ საფუძველს მოკლებული აზრები იწვევს;
- უხმოდ თვლა, უხმოდ ლოცვა ან უხმოდ რაღაც სიტყვების განმეორება, რომელიც ობსესიური აზრებისგან თავის დაღწევაში ეხმარება ადამიანს;
- გონებაში ერთი და იმავე აზრის გამუდმებით ტრიალი (აზროვნების ცოხნა);
- უსიამოვნო, შემზარავი ფიქრები, რომელიც იმდენად აწუხებს ადამიანს, რომ რცხვენია მათ გამო (ინტრუზიული აზრები);
- განცდა იმისა, რომ თუ ცუდ აზრებს ყურს მიუგდებ აუცილებლად ცუდი მოხდება;
- მიკრობების და სხვადასვხა ტიპის ინფექციების შიში, ასევე სიკვდილის და რთულად განკურნებადი ან განუკურნებელი დაავადებების პანიკური შიში;
რა განასხვავებს კომპულსიურ ქმედებებს ჯანსაღი ქმედებებისგან?
ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს რაღაცის გადამოწმების სურვილი, მაგალითად კარი ნამდვილად ჩაკეტილია თუ არა. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ადამიანი იმავე ქმედებას გააკეთებს არა ერთხელ, არამედ ათეულობით ან ასეულობითაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ის დარწმუნებულია კარის ჩაკეტვის სინამდვილეში. მუდმივი გადამოწმების სურვილი მას კმაყოფილებას ჰგვრის. ამ ფორმით იგი ცდილობს საკუთარი თავი დაიცვას უსაფუძვლო შიშებისგან და შეამციროს მღელვარება. ხშირად ადამიანი ახორციელებს განმეორებადი ტიპის რიტუალებს და არწმუნებს საკუთარ თავს, რომ თუ ამ რიტუალს განახორციელებს ყველაფერი კარგად იქნება და ობსესიურ ფიქრებს თავს დააღწევს.
რა განახსვავებს ობსესიურ აზრებს ჯანსაღი აზრებისგან?
ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს ლოგიკური აზროვნების შედეგად გამოწვეული შიში ან მღელვარება. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ადამიანს აწუხებს უსაფუძვლო და ხშირად არალოგიკური ფიქრების შედეგად გამოწვეული მღელვარება და შიშები, მაგალითად თუ ათამდე არ დაითვლის სამყაროში რაღაც ცუდი მოხდება, ან თუ ნივთს სასურველ ადგილზე არ დადებს, მის ახლობელ ადამიანს ან თავად მას, შეიძლება რამე ცუდი დაემართოს.
რამ შეიძლება განაპირობოს ობსესიური აზრების წარმოშობა და მისი საპასუხო კომპულსიური ქმედებები?
პაციენტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ობსესიური აზრები თავსმოხვეულია და მისი ნების საწინააღმდეგოდ აღმოცენდება. თითქოს გარეშე ძალა, რაღაც ხმა აიძულებს პიროვნებას იფიქროს ისეთი ფორმით, როგორი ფორმითაც გარეშე ძალა კარნახობს მას. მიუხედავად იმისა, რომ პიროვნება აცნობიერებს ამ ძალის არალოგიკურობას და აბსურდულობას, ის მაინც აგრძელებს მისადმი მორჩილებაში ყოფნას და ასრულებს სხვადასხვა რიტუალებს, არალოგიკური აზრების გასანეიტრალებლად.
გამომწვევი მიზეზები:
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს, როგორც ზრდასრულ, ასევე ბავშვობის ასაკში. ამ ტიპის აშლილობის მქონე პაციენტები ხშირად მალავენ თავიანთ რეალურ მდგომარეობას, რადგან თვლიან, რომ სამარცხვინოა ობსესიური აზრების და კომპულსიური ქმედებების გაზიარება, მათ შორის ექიმისთვისაც. ამ მდგომარეობის გამომწვეი ძირითადი ფაქტორია ადამიანის გენეტიკური თავისებურებანი, ასევე თავის ტვინის ზოგიერთი ზონის გადაჭარბებული აქტივობა და მასში მიმდინარე ქიმიური პროცესები. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა შეიძლება გამოიწვოს გარეშე ფაქტორებმაც, მაგალითად გადატანილმა ფსიქიკურმა ტრავმებმა.
რამდენად საშიშია ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მოქნე ადამიანი სხვებისათვის?
მიუხედავად ობსესიური ფიქრებისა და კომპულსიური ქმედებებისა, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ადამიანი არ წარმოადგენს საფრთხეს სხვა ადამიანებისთვის, უფრო მეტიც, მსგავსი აშლილობის მქონე პირები ხშირად მალავენ საკუთარ ქცევებს და ცდილობენ გაექცნენ აკვიატებულ აზრებს. ამ ტიპის აშლილობის მქონე ადამიანს შეიძლება თავში უამრავი საშინელი აზრი მოუვიდეს, მაგრამ რეალობაში მას არ განახორციელებს, რადგან ათვიცნობიერებს ამ აზრების აბსურდულობას და შესაძლოა შერცხვეს კიდეც იმის გამო, რომ მას ეს აზრი გაუჩნდა.
როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას?
ცნობილია, რომ ფსიქიკური აშლილობების უმრავლესობა ბოლომდე განკურნებადი არ არის, მათ შორისაა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობაც, რომლის მართვაც მისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა. თუ ადამიანს აწუხებს ობსესიური აზრები და კომპულსიური ქცევები და ამავდროს ათვიცნობიერებს მათ აბსურდულობას, მაშინ თავად უნდა შეძლოს მაღალი ხარისხის ნებისყოფის გამოჩენა ამ ტიპის აშლილობასთან გასამკლავებლად, კერძოდ, არ განახორციელოს რაიმე ტიპის კომპულსიური ქმედებები და ყურადღება არ დაუთმოს ობსესიურ ფიქრებს. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობას ასევე მკურნალობენ ანტიდეპრესანტული მოქმედებების მქონე მედიკამენტებით. ხშირად ამ ტიპის აშლილობას ადამიანი მიჰყავს მძიმე დეპრესიამდე. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის შედეგად გამოწვეულმა მძარფრმა ემოციურმა ფონმა, შეიძლება დააზიანოს პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
რისკ-ფაქტორი:
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა მეტწილად ემართებათ გადაჭარბებული პასუხისმგებლობის მქონე, ან ზედმეტი პედანტიზმით გამორჩეულ ადამიანებს, ასევე მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პირებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია გადაჭარბებული პერფექციონიზმი. ამ ტიპის აშლილობა ასევე შეიძლება განუვითარდეს პიროვნებას, რომელიც თვლის, რომ აკრძალული აზრების ქონა იმდენადვე ცუდია, რამდენადაც მათში ასახული მოქმედების რეალურად შესრულება.