არაადაპტირებადი ოცნებები (გადაჭარბებული მეოცნებეობა)

 2024-12-17 ფსიქიატრია   ანდრო გაფრინდაშვილი

არაადაპტირებადი ოცნებები დამახასიათებელია გადაჭარბებული მეოცნებეებისთვის. გასაგებად რომ განვმარტოთ, საქმე გვაქვს მდგომარეობასთან, როდესაც ადამიანის ოცნებები მისივე რეალურ გარემოსთან ისეა შერწყმული, რომ ოცნების გარეშე უჭირს ან საგრძნობლად უძნელდება ყოველდღიური საქმიანობა.

გადაჭარბებული მეოცნებეობა შესაძლოა მნიშვნელოვანი პრობლემების მიზეზი გახდეს, რადგან ასეთ დროს ადამიანს უჯობს იცხოვროს მისივე ფანტაზიით შექმნილ სამყაროში და საგრძნობლად მოსწყდეს რეალობას. ერთის მხრივ გასაგებია, რომ პიროვნებას აქვს სურვილი იცხოვროს ისეთ გარემოში, რომელიც მისთვის მიმზიდველი და სასიამოვნოა, მაგრამ თუ მსგავსი გარემო მხოლოდ ფანტაზიის ნაწილია და აცდენილია რეალობას, მაშინ საკუთარ თავთან დისონანსი გარდაუვალია.

არაადაპტირებადი ოცნებები შესაძლოა ჩაითვალოს ფსიქიკური პრობლემის ფორმად, თუ ოცნების გარეშე ადამიანს უძნელდება რეალურ გარემოში ცხოვრება. უდავოა, რომ გადაჭარბებული ფანტაზია ზოგ ადამიანს უფრო მეტად აქვს განვითარებული, მაგალითად მწერლებს, მხატვრებს, მუსიკოსებს ან თუნდაც ბავშებს, მაგრამ ეს ფსიქიკურ ან სხვა ტიპის პრობლემად ვერ ჩაითვლება, რადგან ჭარბი ფანტაზია არ ნიშნავს ჭარბ ოცნებას, მითუმეტეს რეალობის ჩანაცვლებას ოცნებებით.

გასაგებია, რომ თანამედროვე ციფრული სამყარო სტრესულია და გვიჩნდება სურვილი მცირე ხნით მაინც გავექცეთ ყოველდღიურობას, მაგრამ ოქროს შუალედი და ზომიერება მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევებში, როდესაც ზომიერება დაცული არ არის, ადამიანი იწყებს საკუთარი ფანტაზიით შექმნილ სამყაროში ცხოვრებას, შედეგად რეალურ გარემოში ვერ ახდენს საკუთარი თავის სრულად რეალიზებას, რის გამოც შესაძლოა მან ხელიდან გაუშვას მომენტი ოცნებების რეალობაში განხორციელებისა.

არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი იყენებს ნივთებს, რეკვიზიტებს ან ოთახში განალაგებს საგნებს ისე, რომ ხელი შეუწყოს საკუთარ თავს ყოვლისმომცველ და ხანგრძლივ ოცნებაში. ხშირად ნივთების და სპეციალური გარემოს მოწყობის ნაცვლად გამოყენებულია სიტუაციური თამაშები ან მუსიკის მოსმენა, კერძოდ, პიროვნება თამაშობს იმ ადამიანის როლს, რომელზეც ოცნებობს, ან უსმენს მისთვის სასიამოვნო მუსიკას, რაც ოცნებების გაღვივებაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს.

არაადაპტირებადი ოცნებების მიზეზი შესაძლოა იყოს მარტოობა, სტრესი, ფსიქოლოგიური ტრავმები (განსაკუთრებით ბავშვობის). ფსიქიკური დაღვევები, უძილობა, ნეიროტრანსმიტერების (ჰორმონების) დისბალანსი, დეპრესია, მოუსვენრობა, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, იდენტურობის დისოციაციური აშლილობა, გენეტიკური მიდრეკილება ფსიქიკური პრობლემებისადმი.

არაადაპტირებადი ოცნებები ადამიანის ფიზიკური ჯანმღთელობისათვის ზიანის მომტანი არ არის, მაგრამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები, კერძოდ, სოციალური იზოლაცია, სოციალური აქტივობების შემცირება, პრობლემები ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში, საკუთარი თავისადმი უკმაყოფილების განცდა, სირცხვილის და დანაშაულის გრძნობა, განწყობის გაუარესება ოცნებით შექმნილი სამყაროდან რეალობაში დაბრუნების შემდეგ. კომპულსიური ოცნებებისგან თავის დაღწევის ან მისი რაოდენობის საგრძნობლად შემცირების გაძნელება ან შეუძლებლობა.

იმისათვის, რომ ადამიანი მსგავსი პრობლემების წინაშე არ დადგეს აუცილებელია სამუშაო და დასვენების დროის მოწესრიგება, ჰობი და საყვარელი საქმიანობა, სეირნობა სუფთა ჰაერზე, სასიამოვნო მუსიკის მოსმენა, წიგნების კითხვა, მეგობრებთან დროის გატარება, მოწესრიგებული სექსუალური ცხოვრება, სწორი კვება, მავნე ჩვევებზე უარის თქმა. აქვე გავითვალისწინოთ, რომ ზომიერ მეოცნებეობას უფრო მეტი დადებითი მხარე აქვს ვიდრე უარყოფითი. ოცნებები და მდიდარი წარმოსახვითი სამყარო დიდი აღმოჩენების და ახალი გამოგონებების საწინდარი არაერთხელ გამხდარა.